ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე

თებერვალი 23, 2017

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს  პარლამენტის მიერ 2016 წლის 24 ივნისს დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის განხილვა დაიწყო.

2017 წლის 20 თებერვალს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანგარიში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან სახალხო დამცველი შესრულებულად მიიჩნევს რეკომენდაციას სტამბოლის ოქმის შესაბამისად, სხეულის დაზიანებების აღრიცხვის ახალი ფორმის შემუშავების შესახებ, რომელიც სხეულის დაზიანებების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის შეტანის საშუალებას იძლევა. აგრეთვე მისასალმებელია პენიტენციურ დაწესებულებათა სამედიცინო პერსონალის ინტენსიური სწავლება პატიმართა დაზიანებების ახლებური დოკუმენტირების საკითხებზე.

ამასთან სახალხო დამცველი მართებულად მიიჩნევს, პენიტენციურ დაწესებულების ექიმს დაეკისროს ვალდებულება, დაზიანების შესახებ შეტყობინება უშუალოდ საქართველოს პროკურატურას გაუგზავნოს.

სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების, წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდა შესაბამისი სასწავლო პროგრამები და სსიპ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, სერტიფიცირების პროცესის ფარგლებში, დაწესებულებათა თანამშრომლების ცოდნის დონის ასამაღლებლად და უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად არსებული საჭიროებების შეფასების შედეგად მომზადდა და გადამზადდა სპეციალური სისტემის მოსამსახურეების ძირითადი ნაწილი. თუმცა, შემდგომ ტრენინგების შედეგების ეფექტიანობისა და მდგრადობის შეფასების, აგრეთვე მიღებული ცოდნისა და შეძენილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების შემოწმებას მხოლოდ გენერალური ინსპექცია ახორციელებს, ისიც სისტემური მონიტორინგის ფუნქციის შესრულების ფარგლებში. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასწავლო ამოცანებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სსიპ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა შეიმუშავოს კურსდამთავრებულთა მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შემოწმებისა და შეფასების მეთოდოლოგია.

განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ინფორმაცია რამდენიმე თვეში #7 დაწესებულების დახურვის შესახებ, რასაც ყოველ წლიურ თუ სპეციალურ ანგარიშში ითხოვს საქართველოს სახალხო დამცველი.

პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განხორციელებული ცვლილებებით დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსების ვადად განისაზღვრა არაუმეტეს 72 საათისა, თუმცა სახალხო დამცველის რეკომენდაცია მაქსიმალურ ვადად 24 საათს ითვალისწინებდა. ამასთან, დეესკალაციის ოთახში გადაყვანის საჭიროების შესახებ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ბრძანებები პრაქტიკაში არ შეიცავს დასაბუთებულ წერილობით მსჯელობას ამ ზომის გამოყენების შესახებ.

არ შესრულებულა რეკომენდაციები დეესკალაციის ოთახში მოთავსებული პატიმრების დამატებით, სხვადასხვა უფლებების არაფორმალურად შეზღუდვისგან დაცვის და არც დეესკალაციის ოთახებში განხორციელებული ელექტრონული მეთვალყურეობის ჩანაწერების შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი დროით შენახვის შესახებ.

ნაწილობრივ და ეტაპობრივად სრულდება რეკომენდაცია ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და პირობების გაუმჯობესების შესახებ. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით, რიგ პენიტენციურ დაწესებულებებში გაუმჯობესებულია ფიზიკური გარემო და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პირობები ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს.

არ შესრულებულა რეკომენდაციები ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელების აუცილებლობის დასაბუთების და ვიდეოჩანაწერების შენახვის გონივრული ვადის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრის შესახებ.

ნაწილობრივ შესრულდა რეკომენდაცია პენიტენციურ დაწესებულებებში  სარეაბილიტაციო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობის შესახებ. გარკვეული წინსვლა არის, თუმცა მთელ რიგ დაწესებულებებში სარეაბილიტაციო აქტივობები საკმაოდ მწირი რაოდენობით ჩატარდა.

სახალხო დამცველის რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ, საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა დისციპლინური სახდელის გამოყენებამ.

დადებითად უნდა შეფასდეს ბრენდული დასახელების მედიკამენტის ინდივიდუალური შესყიდვის შესაძლებლობა, თუმცა კვალავ არის პრობლემები პატიმართათვის მედიკამენტების მიწოდებასთან დაკავშირებით; სამართლებრივად დარეგულირებდა ამანათით მედიკამენტის მიწოდების საკითხიც, თუმცა გაურკვეველია, როდის მოხდება შესაბამისი რეგულაციის ამოქმედება.

ნაწილობრივ შესრულდა რეკომენდაციები პენიტენციური ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის  ფსიქიური ჯანდაცვის სისტემის დახვეწისა და სტატისტიკის წარმოება–ანალიზის შესახებ. სამწუხაროდ, სუიციდის პრევენციის პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, მოიმატა სუიციდის და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელიც.

შესრულებული არ არის რეკომენდაცია – უსაფრთხოების მიზნით არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის, როგორც უკიდურესი და დროებითი ღონისძიების, გამოყენების შესახებ

არასრულწლოვანი პატიმრები კვლავაც რჩებიან სრულწლოვანთათვის განკუთვნილ დაწესებულებებში. ამასთან, საანგარიშო პერიოდში არასრულწლოვნების მიმართ აღნიშნული ზომა 4–ჯერ იქნა გამოყენებული და რამდენადაც ცნობილია, ეს ღონისძიება  კვლავ არ წარმოადგენდა უკიდურეს  ფორმას.  

ნაწილობრივ შესრულდა რეკომენდაცია – ყველა არასრულწლოვან მსჯავრდებულს ჰქონდეს სათანადო განათლების, მათ შორის, უმაღლესი განათლების, მიღების შესაძლებლობა. თუმცა, უმაღლესი განათლების მიღების უფლება ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ დაბალი რისკის მსჯავრდებულთათვის.

მისასალმებელია დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, ბავშვთა მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების პროცედურების ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დახვეწასთან დაკავშირებით.

არ შესრულებულა რეკომენდაცია უვადო პატიმრებისთვის აუცილებელ სარეაბილიტაციო აქტივობებში მონაწილეობის მიღების, ხოლო სურვილის შემთხვევაში დასაქმების შესაძლებლობის, აგრეთვე ოჯახის წევრებთან ურთიერთობის შენარჩუნების ხელშეწყობის შესახებ.

დაწესებულებებსა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პირთა განთავსებისას მათთვის არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების და მათ შორის საჩივრების ყუთის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და უფლებების გაცნობა ხდება წერილობითი ფორმით, ხელმოწერით დადასტურებით. თუმცა, უფრო ეფექტური ფორმა არის მოსაძებნი,  მაგალითად, ბუკლეტების დარიგება, სიტყვიერი ახსნა და სხვა. სრულად არ არის ხელმისაწვდომი არც ყველა საჭირო საკანონმდებლო აქტი, აგრეთვე ინფორმაცია პატიმრის უფლებებისა და მოვალეობების და მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურების შესახებ.

მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ჯერ არ შესრულებულა რეკომენდაცია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო–ჩაწერის მაქსიმალურად სრულად განხორციელება და ჩანაწერის გონივრული ვადითსულ მცირე 24 საათის განმავლობაში შენახვის შესახებ.

პენიტენციურ დაწესებულებებში ძალიან საყურადღებოა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა და აღნიშნული ვითარების გამოსწორება დიდი ძალისხმევას მოითხოვს. რეკომენდაციის თანახმად, ფსიქოლოგმა და სოციალურმა მუშაკმა უნდა გააძლიერონ პენიტენციური დაწესებულების სამეურნეო ნაწილში დასაქმებულ პატიმრებთან მუშაობა ნდობის გაზრდის, აგრეთვე პატიმართა თვითიზოლაციისა და თვითდაზიანების თავიდან აცილების მიზნით.

მიუხედავად არაერთი რეკომენდაციისა, პენიტენციურ დაწესებულებაში საკვების მომზადებისას არ ხდება იქნეს პატიმართა კულტურული და რელიგიური თავისებურებების გათვალისწინება.

არ გატარებულა საჭირო ზომები რათა უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პატიმრებისთვის ჯანდაცვის მომსახურება თანაბრად, სრულად და მათვის გასაგები ენით იყოს ხელმისაწვდომი.

ნაწილობრივ სრულდება ხანგრძლივი პაემნისათვის და ვიდეოპაემნისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის, სატელეფონო საუბრებისა და კორესპონდენციის კონფიდენციალურობის უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შესახებ რეკომენდაციები.

20.02.17

 


 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin