ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ

თებერვალი 15, 2017

2017 წლის 15 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობის,  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში წარუდგინა.

საკითხის შესახებ არსებული კვლევების თანახმად, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 30%–ზე მეტი მწეველია, ხოლო 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების 60% თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო თუ საზოგადოებრივი თავშეყრის დახურული ტიპის ადგილებში მოწევა მიჩნეულია ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროდ, მოქმედი ნორმები ვერ უზრუნველყოფს თამბაქოსგან თავისუფალ გარემოს. არ არსებობს თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის ყოვლისმომცველი აკრძალვა. ასევე, არ არსებობს ელექტრონული სიგარეტის რეალიზაციასა და რეკლამირებასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც სახალხო დამცველის აზრით, დროულად უნდა იქნეს შემოღებული. ამავდროულად, საჭიროა მოქმედი რეგულაციების ეფექტური აღსრულება.

თამბაქოს რეალიზაციისა და მოხმარების წესების დარღვევასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სამართალდარღვევათა უმრავლესობა გამოვლენილია 2013 წლის მაის–ივნისსა და 2014 წლის პირველ კვარტალში, ხოლო 2015 წელს თამბაქოს რეალიზაციისა და მოხმარების წესების დარღვევის მხოლოდ 2 შემთხვევაა გამოვლენილი. თვალშისაცემია თამბაქოს კონტროლის სფეროში მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ  საკითხებზე ხელისუფლების  მხრიდან გამოვლენილი უმოქმედობა.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ისაუბრა თამბაქოს კონტროლის სფეროში დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებზე, ეროვნული კანონმდებლობის ხარვეზებზე, სახელმწიფო უწყებების მხრიდან თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების არაეფექტურობაზე, მოზარდ თაობაში თამბაქოს პროდუქციის რეკლამირებითა და თამბაქოს პროდუქციის მოხმარებით გამოწვეული საფრთხეებსა და სხვა საკითხებზე.

მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა მოქმედი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სტანდარტებთან. კანონებში შეტანილ უნდა იქნას ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ თამბაქოს მოწევის სრულ აკრძალვას დაწესებულებების დახურულ შენობებში. ასევე, საკანონმდებლო დონეზე უნდა გამარტივდეს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დარღვევის ადმინისტრირება.

აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მყისიერად უნდა უზრუნველყოს თამბაქოს პროდუქციის მავნებლობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და პირთათვის თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის კონსულტაციისა და მკურნალობის შესაბამისი სერვისების განვითარება.

„თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა საჭიროებს სრულყოფას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასთან და აღნიშნულ საკითხზე ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივებთან მაქსიმალურ შესაბამისობაში მოყვანას, განსაკუთრებით, მოზარდი თაობის წარმომადგენელთათვის თამბაქოს პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას“,– განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. 


იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

15.02.17

 


gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin