ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ეხმიანება

მარტი 16, 2017

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძისა და ექსპერტისა და პოლიტოლოგის  გია ხუხაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

მედეა ვასაძის თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არის „კაცი რომელიც ცხოვრობს პოლიტიკურ აუტიზმში, ანუ არის აბსოლუტურად სხვა სამყაროში“. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს შეფასება მან მოისმინა ერთ-ერთი პოლიტიკოსისაგან და ვინაიდან იზიარებს აღნიშნულ შეხედულებას, კიდევ მრავალჯერ გაიმეორებს.

გია ხუხაშვილმა კი განაცხადა: „ირაკლი კობახიძის განცხადებები შემაშფოთებელია. მან საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ის პოლიტიკური აუტიზმით შეპყრობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც თავის სამყაროში ცხოვრობს, დიალოგში არავისთან შედის და აქვს თავისი წარმოდგენები. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ძალიან მძიმე საკომუნიკაციო ადამიანია და იმდენად სერიოზული პრობლემები აქვს, რომ მიჭირს, მის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკული ვიყო.“

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების სტერეოტიპული დამოკიდებულება ძირს უთხრის აუტისტური სპექტრის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ყველა მცდელობას. ტერმინ „აუტიზმის“ დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება მიუღებელია, ვინაიდან აღნიშნული ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში მძლავრად ფესვგადგმული სოციალურ სტიგმის, სტერეოტიპების, ნეგატიური დამოკიდებულებების, მცდარი შეხედულებების გამყარებას, იწვევს საზოგადოების გაუცხოებას ამ პირთა მიმართ და ქმნის საფრთხეს, რომ ისინი მომავალში შესაძლოა დისკრიმინაციას დაექვემდებარონ. ამასთან, საზოგადოებაში ფორმირებული სტერეოტიპული შეხედულებები სერიოზულ ფსიქოემოციურ ტრავმას აყენებს შეზღუდული შესაძლებლობის პირებსა და მათ ოჯახებს.

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტისათვის გაცემულ ზოგად წინადადებაში აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს ეკისრებათ განსაკუთრებული ვალდებულება, რომ საჯარო პოლიტიკურ დებატებში არ გაავრცელონ არასწორი, სტერეოტიპებზე დამყარებული განცხადებები და არ გამოიყენონ სიძულვილის ენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს მედეა ვასაძესა და გია ხუხაშვილს, ასევე სხვა საჯარო პირებს, რომ მომავალში გაითვალისწინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხების სენსიტიურობა და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც დაუცველი ჯგუფებისათვის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი იქნება.

 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin