ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

საერთაშორისო კონფერენცია „სამხედრო მოსამსახურეთა სამოქალაქო უფლებები – გამოწვევები და პერსპექტივები“

ოქტომბერი 25, 2017

2017 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „სამხედრო მოსამსახურეთა სამოქალაქო უფლებები – გამოწვევები და პერსპექტივები“. ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გახსნეს.

კონფერენციაზე პირველად გაიმართა ღია მსჯელობა სამხედრო მოსამსახურეების სამოქალაქო უფლებების – შეკრებისა და გაერთიანების, ასევე გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე. ადგილობრივმა და უცხოელმა ექსპერტებმა განიხილეს სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა და გამოცდილება და სამოქალაქო უფლებების განხორციელებისას სამხედრო სამსახურისათვის სხვადასხვა ლეგიტიმური მიზნით დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრეს. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სახალხო დამცველისა და სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების, სამხედრო ომბუდსმენების მანდატსა და საქმიანობას სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით; განხილული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და მსჯელობა გაიმართა სამხედრო მოსამსახურეთა გაფიცვის, დემონსტრაციებში მონაწილეობის და პროფესიულ კავშირებში გაერთიანებასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო აგრეთვე, მოხსენებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმებისა და პოზიტიური გამოცდილების შესახებ, რომელიც სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ოქროპირიძემ ისაუბრა.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების: სამხედრო ძალების დემოკრატიული კონტროლის (DCAF), სამხედრო ასოციაციების ევროპული ორგანიზაციის (EUROMIL) და  ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ევროპის ქვეყნების სამხედრო ომბუდსმენების, ასევე საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2015 წლის მარტიდან დაარსდა. დეპარტამენტი სწავლობს და იცავს წვევამდელთა, სამხედრო მოსამსახურეთა და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა უფლებებს.

25.10.17

 



 

 

 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin