ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

კონფერენცია „ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუცია და გამოწვევები“

აპრილი 19, 2017

2017 წლის 19 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დაარსების ოცი წლისთავთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა თემაზე – „ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუცია და გამოწვევები“ საერთაშორისო კონფერენცია გამართა.

კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნების ომბუდსმენებმა, ადამიანის უფლებათა  დამცველებმა, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე პარლამენტის წევრებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიან ინსტიტუტებთან დაკავშირებული გამოწვევები, არსებული მდგომარეობა და წარმატებები განიხილეს. ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა საკუთარი ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა წარმოადგინეს.

კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმა. პრეზიდენტმა სახალხო დამცველის აპარატის, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა; აღნიშნა, რომ აუცილებელია მეტი ყურადღება მიექცეს და უფრო მეტად იქნეს გათვალისწინებული სახალხო დამცველის რეკომენდაციები; დადებითად შეაფასა სახალხო დამცველის საქმიანობა და მხარდაჭერა გამოუცხადა მის სწრაფვას დასავლური ღირებულებებისადმი.

„სახალხო დამცველს აქვს რთული მისია, დააფიქსიროს ის შეცდომები, რაც მოგვდის ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მთავარია, შევძლოთ რეალურ დისკუსიაში შესვლა და იმაზე ფიქრი, რომ ყოველდღიური პრაქტიკა უფრო ცივილური გახდეს. დარწმუნებული ვარ, ინტენსიური დიალოგის ფორმატი, რომელსაც ბატონი უჩა ნანუაშვილი აყალიბებს, იქნება შესმენილი და ყოველ წელს ქართული პოლიტიკური სისტემა მეტად იქნება ორიენტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სახალხო დამცველმა ომბუდსმენის აპარატის საქმიანობაზე, გაზრდილ მანდატსა და შესაბამისად გაზრდილ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. განიხილა ის სიახლეები, რაც ბოლო წლებში დაინერგა, მათ შორის სხვადასხვა მონიტორინგის ფუნქცია, ადამიანის უფლებატა აკადემია და ცხელი ხაზი. „20 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა სერიოზული ევოლუცია განიცადა. განვითარდა და ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი, მოიპოვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება. დღეს სახალხო დამცველი მუშაობს აბსოლუტურად ყველა უფლებაზე და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ უყურადღებოდ არ დაგვრჩეს არცერთი სფერო, სადაც ადამიანის უფლებები დაცვას საჭიროებს“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ სხვა საკითხებთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა ხელისუფლების დამოკიდებულების თვალსაზრისით მოხდა, ვინაიდან, ბოლო წლებში პარლამენტი სახალხო დამცველის რეკომენდაციებს მხოლოდ ცნობად კი არ მიიღებს, არამედ მათი შესრულების ვალდებულებასაც აკისრებს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს.

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა ისაუბრა სხვადასხვა ქვეყნებში დაგრვილი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების სარგებლობაზე, სახალხო დამცველის ინსტიტუტებისადმი მზარდ ინტერესსა და მზარდ გავლენაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის განსამტკიცებლად შემუშავებული საერთაშორისო დოკუმენტების როლზე, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს მშვიდობიანი განვითარებისათვის. აღნიშნა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხელისუფლების ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი გახდა, რაც უპირველეს ყოვლისა სახალხო დამცველის ინსტიტუტის დამსახურებაა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კარლო ნატალემ გაუსვა ხაზი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მნიშვნელობას დემოკრატიული განვითრების პროცესში და აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ რჩება სახალხო დამცველის პარტნიორად, რათა  გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა ამ ინსტიტუტის გაძლიერებაში.

გაეროს სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების საკითხებში მაინა კიაის განცხადებით სახალხო დამცველი ის ინსტიტუტია, რომელიც ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვას აიძულებს, ამ პროცესში კი შეიძლება ბევრმა წინააღმდეგობამ იჩინოს თავი, შეიცვალოს და გართულდეს ურთიერთობა ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენლებთან - რაც მართებულია; მისი თქმით, თუ ომბუდსმენს კარგი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებასთან, ე.ი. ის ვერ ასრულებს თავის საქმეს სათანადოდ.

კონფერენციის პირველი სესიაზე, ხორვატიის ომბუდსმენის ლორა ვიდოვიჩის მოდერატორობით, მიმოიხილეს ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის ევოლუცია, ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და რეგიონალური ინსტიტუტების ქსელების განვითარების ისტორიაზე და ეროვნული ინსტიტუტების ქსელების როლზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის სფეროში. 

მოხსენებები წარმოადგინეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა (საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა) სოზარ სუბარმა, ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალურმა მდივანმა გიუნტერ კრაუტერმა, ნიდერლანდების ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის პრეზიდენტმა ადრიანა ვან დუიევერტმა და ჩეხეთის სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა და თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის საბჭოს წევრმა პეტრ პოლაკმა.

მეორე სესიაზე, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე უძღვებოდა, ლუქსემბურგის ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის გენერალურმა მდივანმა ფაბიენ როსლერმა, ლატვიის ომბუდსმენმა იურის იანსონსმა, სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმენ ტატოანმა, უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისრის სამდივნოს ხელმძღვანელმა ბოგდან კრიკლივენკომ და საბერძნეთის ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის საერთაშორისო თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ მარია გაუნელმა ყურადღება გაამახვილეს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ფუნქციურ მრავალფეროვნებაზე; წარმოადგინეს მრავალმანდატიანი ინსტიტუტების წინაშე მდგარი გამოწვევები და უპირატესობები საერთაშორისო ჭრილში.

მესამე სესიაზე ხაზი გაუსვეს ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებსა და დაინტერესებულ პირებს შორის თანამშრომლობის საკითხებს და თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითებს, პროცესის აღწერას, გამოწვევებს, შედეგებს... სესიას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა უძღვებოდა. სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ ექსპერტი კონფლიქტებისა და თანამშრომლობის საკითხებში იორგენ იოჰანსონი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ადამიანის უფლებათა უფროსი მრჩეველი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვლადიმერი შკოლნიკოვი, წამების პრევენციის ასოციაციის მრჩეველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საკითხებში ბენ ბაკლანდი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის დირექტორის პირველი მოადგილე კატარინა გარდაფხაძე და ევროპის საბჭოს პროგრამის „HELP in 28–ის“ კოორდინატორი ევა პასტრანა.

19.04.17

 


gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin