ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა თბილისში

აპრილი 20, 2017

2017 წლის 20 აპრილს, თბილისში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა (ENNHRI) გაიმართა, სადაც საქართველოს,  დანიის, ჰოლანდიის, სლოვაკეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, დიდი ბრიტანეთის, სომხეთისა და ხორვატიის ომბუდსმენებმა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ევროპული ქსელის (ENNHRI)  მომავალი სამი წლის სტრატეგიული გეგმის დოკუმენტზე იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ქსელის ოფიციალური ხედვა, მისია, ძირითადი მიზნები, განსაზღვრეს საქმიანობის თემატური პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც დაიგეგმება აქტივობები და განაწილდება რესურსები.

აღნიშნული შეხვედრა იმართება ყოველ სამ წელში. წინა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა 2013 წელს ბუდაპეშტში, სადაც 2014-2017 წლების მოქმედი სტრატეგიული  გეგმის დოკუმენტი შემუშავდა.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი (ENNHRI)  წარმოადგენს ბელგიის კანონმდებლობის თანახმად დაარსებულ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც შედგება 40-ზე მეტი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტისგან მთელი ევროპის რეგიონიდან.  ევროპული ქსელი 15 წელია აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა ხელშეწყობისთვის რეგიონში, არსებითად უწყობს ხელს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების შექმნასა და აკრედიტაციას, კოორდინაციას უწევს ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას მის წევრებს შორის, ზრუნავს შესაძლებლობების განვითარებაზე, ჩართულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის საერთაშორისო და რეგიონალურ მექანიზმებში და ასევე ევროპის სამართლებრივ და პოლიტიკურ მოვლენებში.   

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი 2016 წლიდან ზედიზედ მეორედ, სამწლიანი ვადით არის არჩეული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის მმართველი ორგანოს - საკოორდინაციო კომიტეტის (ECC) წევრად და ასევე, 2017 წლიდან - ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარედ, რომელიც ზედამხედველობს ევროპული ქსელის ბიუჯეტს და პასუხისმგებელია ფინანსების მოძიებაზე.

20.04.17

 


 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin