ცხელი ხაზი

1481

სიახლეები

სიახლეები

სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე მორიგი კომუნიკაცია წარადგინა

სექტემბერი 06, 2017

2017 წლის 5 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მორიგი კომუნიკაცია წარუდგინა. კომუნიკაცია შეეხება ე.წ. „ღარიბაშვილის ჯგუფის“ საქმეებს, რომლებშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წამებისა, არაადამიანური მოპყრობის და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე, გამოძიების განახლება დაავალა საქართველოს.

მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ჩატარდება 19–22 სექტემბერს, განიხილება საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხი – გამოძიების მიმდინარეობის შედეგები. სხდომაზე მინისტრთა კომიტეტი ასევე განიხილავს საქართველოს მიერ გატარებულ იმ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს, რაც ემსახურება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიან გამოძიებასა და მათ პრევენციას.

სახალხო დამცველმა, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის განმახორციელებელმა ეროვნულმა ინსტიტუტმა, კომუნიკაციის დოკუმენტით გამოიყენა თავისი შესაძლებლობა და მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა ინფორმაცია დღეისათვის არსებული ვითარების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი, გარკვეულწილად, ასევე ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ მინისტრთა კომიტეტისთვის უკვე წარდგენილ ინფორმაციასაც. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შესაძლებლობა სახალხო დამცველმა გასული წლიდან დაიწყო და ამჯერად ეს მესამე კომუნიკაციაა მინისტრთა კომიტეტში. პირველი კომუნიკაციაც ეხებოდა სწორედ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების საკანონმდებლო–ინსტიტუციურ ხარვეზებს.

დოკუმენტში მიმოხილულია როგორც საკანონმდებლო, ისე – პრაქტიკული ხასიათის სისტემური პრობლემები, კერძოდ, ხაზი გაესვა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:

– ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრაქტიკული არარსებობის გამო, რომელიც დასაბუთებულია კანონმდებლობის ანალიზით, აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა;

– ერთი მხრივ საპროკურორო საბჭოსა და მთავარი პროკურორის არჩევის ახალი მოდელი ვერ უზრუნველყოფს პროკურატურის დამოუკიდებლობასა და დე–პოლიტიზაციას, ხოლო მეორე მხრივ, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი საკუთარი მოდელი არ იქნა გაზიარებული.

– არაეფექტიანი გამოძიება კვლავ პრობლემაა, რომელსაც ადასტურებს 2014–2017 წლების პრაქტიკა: ამ პერიოდში 60 ფაქტზე მოითხოვა სახალხო დამცველმა გამოძიების დაწყება და არცერთ ფაქტზე დღემდე დამნაშავე არ გამოვლინდა;

– სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეთაგან რამდენიმე ნათლად წარმოაჩენს გამოძიების არაეფექტიანობას;

– იმ 23 საქმეში, რომელთა ეფექტიანი გამოძიებაც საქართველოს დაევალა (მათ შორისაა ღარიბაშვილის ჯგუფის საქმეები), მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოვლინდა დამნაშავე, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში – გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს. 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin